logo
ENG



ნატა ფერაძის თქმით, გუდიაშვილზე ავთენტური ხეები მოჭრეს, "ლამაზი ხეებით" ჩასანაცვლებლად

28 სექ 202018:31
3 წუთის საკითხავი
 
zojfesrnp2210xw.jpg

გუდიაშვილის მოედანზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში ხეები მოჭრეს. აქტივისტი ნატა ფერაძე აცხადებს, რომ თავად ადგილზე 6 მოჭრილი ხე ნახა, რაც, მისი შეფასებით, ისტორიულ ადგილს ავთენტურობას უკარგავს. ფორმულასთან საუბარში ნატა ფერაძე იხსენებს, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში თავიდანვე განიხილავდნენ არსებული ხეების "ლამაზი" ხეებით ჩანაცვლებას.

"ესენი არაა ლამაზი ხეებიო. სილამაზეში გულისხმობენ, რომ იდეალური, სანერგეში გამოყვანილი ხე უნდოდათ. ასეთი არ იყო, მაგრამ თავისი სახასიათო ჰქონდა. ეს ადგილი არის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მსგავს პარკებში არ კეთდება ახალი პარკი. აი ფიროსმანის ნახატი რომ წაშალო და 'მე უფრო ლამაზს დავხატავო', ეს გააკეთეს", - ამბობს ფერაძე. 

ფოტო: ნატა ფერაძე

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში ხეების მოჭრის მიზეზზე  ფორმულას უთხრეს, რომ ადგილზე "ამორტიზებული და დაავადებული" ხეები რეაბილიტაციის ფარგლებში მოიჭრა. 

ამას ნატა ფერაძე "ტყუილს" უწოდებს და ამბობს, რომ ხეების მოჭრის მიზეზი არ არსებობდა.

"პირველი დღიდან მქონდა შეხება თბილისის განვითარების ფონდის უფროსთან, სანდრო ტოგონიძესთან და ეს ხეები დავათვალიერეთ. არაფერი არ სჭირდა. ასე ადამიანსაც ვერ იპოვით, რომ სრულიად ჯანსაღი იყოს, ან კბილი არ ჰქონდეს დასაპლომბი ან რამე. რაღაც სჭირდა იმ ხეებს, მაგრამ მოსაჭრელი ნამდვილად არ იყო". 

მისივე თქმით, ისტორიკოსები რეაბილიტაციის პროექტის შემუშავებაში ჩართულები იყვნენ და პირველივე დღიდან იბრძოდნენ, რომ თბილისისთვის დამახასიათებელი ლანდშაფტი, "ოღრო-ჩოღრო კლდეები" შეენარჩუნებინათ, თუმცა ის მოასწორეს. 

ფოტო/რენდერი სამშენებლო კომპანია ანაგის ვებგვერდიდან

გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით, სამშენებლო კომპანიები ინსი და ანაგი აწარმოებენ. შპს ინსისა და განვითარების ფონდს შორის გამარტივებული შესყიდვით ხელშეკრულება 2018 წლის თებერვალში დაიდო და მისი ღირებულება 22 222 751 ლარია. ამავე პერიოდში, ასევე გამარტივებული შესყიდვის სახით გაფორმდა ხელშეკრულება სამშენებლო კომპანია ანაგთან, რომელის ღირებულება 15`208`225 ლარია. 

კომპანია ანაგის ვებგვერდზე მოკლედ არის აღწერილი პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები:

"არსებულ შენობების ნაწილს ჩაუტარდება სარესტავრაციო და გამაგრების სამუშაოები, ფასადები დამუშავდება და შეიღებება ფასადის საღებავებით. შეიცვლება ხის ფანჯრის ბლოკები, ხის დეკორატიული ელემენტები და აივნებზე არსებული მოაჯირები. ასევე მოხდება ავარიული შენობების სრული დემონტაჟი და ახლიდან აშენება".

მათივე ვებგვერდზე სამუშაოების დასრულების თარიღად 2020 წლის დეკემბერია მითითებული. 

 


close დახურვა